Sunday, March 13, 2011

წელთა ღაღადი - არის თუ არა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ერისიონი” აღნიაშვილის გუნდის ისტორიული სამართალმემკვიდრე?!



           2010 წელს ქართულ ხალხურ სიმღერას მართლაც უსრულდება სცენაზე ასვლიდან (აჟღერებიდან) 125 წელი. ქართულ სამუსიკო ფოლკლორის ასაკთან შედარებით ეს ერთი მცირე პერიოდია, მაგრამ დიდად მნიშვნელოვანი ერის სულიერ და კულტურულ ცხოვრებაში, მით უმეტეს, ამ მოვლენასთან ძირეულადაა დაკავშირებული გარდატეხა ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობაში - მეორეული მუსიკალური ფოლკლორის წარმოშობა და დამუშავებული სიმღერის სცენაზე გამოტანა.
           ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა ნაკლებ შესწავლილ საკითხთა რიგს მიეკუთვნება, ამდენად ნაკლებშესწავლილია ამ საკითხთან უშუალოდ დაკავშირებული და გადაჯაჭვული მეორეული მუსიკალური ფოლკლორის შემსრულებელი გუნდების,  ანსამბლების, ჯგუფების ისტორია და მემკვიდრეობითობა. ამ მხრივ, უდავოდ, მნიშვნელოვანია და ანგარიშგასაწევი აწგანსვენებული ცნობილი მეცნიერისა და ეთნომუსიკოლოგის ედიშერ გარაყანიძის ფუნდამენტური ნაშრომი ,,ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა“. მეცნიერი გამოწვლილვით განიხილავს ქართული ხალური სიმღერის შემსრულებლობის ყოველ ეტაპს, მეორეული მუსიკალური ფოლკლორის წარმოშობის წინაპირობებს – სცენაზე პირველ შემსრულებლად აღიარებული აღნიაშვილის გუნდიდან ვიდრე XX საუკუნის 90-იან წლებამდე.
             კიდევ რამდენიმე დღე და საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი 125 წლის იუბილეს იზეიმებს. ბოლო დროს მასმედიამ შეუმოწმებლად აიტაცა ეს თარიღი და საზოგადოება საგულდაგულოდ მოამზადა და დაარწმუნა ამ ფაქტის სისწორეში. საზოგადოებამაც ურევიზიოდ მიიღო შემოთავაზება. სპეციალისტები, რომელთაც ხელ-ეწიფებათ ტყუილ-მართლის გარჩევა, რატომღაც დუმილს ამჯობინებენ. ერთადერთი, ვინც სიმართლე თქვა და დაასაბუთა ამ თარიღის უზუსტობა, ისევ და ისევ ედიშერ გარაყანიძე იყო.
          ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, თავისი ისტორიის, ტრადიციებისა და პრიორიტეტების გამო,  თავი ვალდებულად მიაჩნია, ამ საკითხის გარშემო მცირე მიმოხილვა შემოგთავაზოთ. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, არც ჩვენს შეხედულებებს ვახვევთ ვინმეს თავზე. დასკვნა მკითხველისათვის მიგვინდვია. ქართული ხალხური სიმღერა ნამდვილად იმსახურებს, ფალსიფიკაციისა და ფალსიფიკატორებისაგან დავიცვათ მისი ისტორია.
            1885 წელს ლადო აღნიაშვილის თაოსნობით შექმნილმა ,,ქართულმა ხორომ“ საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ქართული ხალხური სიმღერის გუნდებისა და ანსამბლების ჩამოყალიბებას, თუმცა მანამდეც არსებობდა მიხეილ მაჭავარიანის, მელიტონ ბალანჩივაძის, ანდრია ბენაშვილის და ფილიმონ ქორიძის გუნდები; გურიაში – გიგო ერქომაიშილისა და სამუელ ჩავლეიშვილის ჯგუფები. ესენი იყვნენ სუფთა ავთენტიკური კოლექტივები, და მათ არასოდეს გადაუხვევიათ ტრადიციული საშემსრულებლო  ნორმებიდან. აღნიაშვილი-რატილის გუნდის სახელთან  დაკავშირებულია მკვეთრი შემობრუნება ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობაში – დეღევანდელი გადასახედიდან რამდენადმე სავალალო და არასახარბიელოც კი...
          როცა ლადო აღნიაშვილი ,,ქართულ ხოროს“ ქმნიდა, მას ეროვნული მიზანი ამოძრავებდა და მაშინდელი ქართული საზოგადოების დაკვეთას ასრულებდა: ერს გაუჩნდა გაცხოველებული ინტერესი ყოველივე ქართულისადმი და ამ ერთიანობის სცენაზე ხილვისა, რომელსაც იგი, უპირველესად, ქართულ ხალხურ სიმღერაში ხედავდა. აღნიაშვილს უნდოდა ქართული ხალხური სიმღერა გადაერჩინა და ქართული მუსიკალური კულტურა საქართველოს ფარგლებს გარეთ გაეტანა, ოღონდ ,,გაევროპეიზაციების“ გზით. მან  ჯერ გუნდის ხელმძღვანელობა პოლონელ ფელიქს პეტელიჩს სთხოვა, მისგან უარის მიღების შემდეგ, ჩეხ იოსებ ნავრატილს და რატილმაც გუნდი ევროპულ ყაიდაზე მოაწყო: ხმები კლასიკური კანონზომიერების მიხედვით ოთხ ჯგუფად დაყო (ნაცვლად სამისა) პირველ და მეორე ტენორებად, ბარიტონებად და ბანებად. ამის გამო სამხმიანი სიმღერების უმეტესი ნაწილი ოთხ ხმად სრულდებოდა. სოლო პარტიებს ქართული ტრადიციის საპირისპიროდ თითო ადამიანი კი არ ასრულებდა, არამედ მომღერალთა ჯგუფი. გუნდს წინ ედგა ხელმძღვანელი და დირიჟორობდა. ავთენტიკური პრინციპებიდან გადახვევა იყო აგრეთვე მომღერლების მიერ სიმღერის ერთდროულად დაწყება, დირიჟორის ჩვენების მიხედვით ნიუანსირება.
          ,,ქართული ხოროს“ დაარსებამ, ერთი მხრივ,  1900-1910-იან წლებში ქართული ხალხური სიმღერის გუნდებისა და ანსამბლების ბუმი გამოიწვია (სანდრო კავსაძე, ძუკუ ლოლუა, მიხეილ კავსაძე, ზაქარია ჩხიკვაძე, იოსებ მონადირიშვილი, ნიკო სულხანიშვილი, ავქსენტი მეგრელიძე, რემა შელეგია, ლევან მუღალაშვილი, ვარლამ სიმონიშვილი, ერქომაიშვილები, კირილე პაჭკორია, მარო თარხნიშვილი, გალაკტიონ ჭელიძე, ი. გოძიაშვილი, გ. ეპიტაშვილი, შ. ტალიკაძე. . . ), მეორე მხრივ, გარკვეული დაღი დაასვა ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობას, რომლის გამოსწორებას და ტრადიციულობისაკენ შემობრუნებას ათეული წელი დასჭირდა. რატილის ხაზს ვერ ასცდნენ ცნობილი ლოტბარები – სანდრო კავსაძე (რატილის გუნდში მღეროდა), მიხეილ კავსაძე, კიწი გეგეჭკორი, თავდაპირველად თვით ძუკუ ლოლუაც კი, ხოლო ზოგიერთს შემოქმედებითი იერი ბოლომდე არ შეუცვლია.
         საინტერესოა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის კომპოზიტორ დიმიტრი არაყიშვილის აზრი რატილის გუნდის შესახებ: აღნიაშვილის გუნდის მიერ შესრულებულ ქართულ ხალხურ სიმღერებს ერთგვარი შერყვნა დაეტყო. ამ შერყვნამ შემდეგში მოქალაქეობრივი უფლება მოიპოვა და ამის მიზეზი იყო, რომ კაცი ვერ ნახავდა გუნდს, რომელსაც ქართული სიმღერები ტერციით არ ემღერა და ყველა სამი ხმა გაეთანასწორებინა, თანახმად ევროპული პრინციპისა. ხოლო ეს პრინციპი ქართული სიმღერის პრინციპის სრულ კონტრასტს წარმოადგენს (1925). (ე.ი. მოხდა ქართული მუსიკალური აზროვნების, კერძოდ, მისი კილო-ჰარმონიული და აკორდული წყობის შეცვლა).
        ,,ქართულმა ხორომ“ მხოლოდ შვიდი წელი იარსება და 1892 წლიდან აღარ აღდგენილა. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: არის თუ არა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ერისიონი“ ლადო აღნიაშვილის გუნდის ისტორიული სამართალმემკვიდრე?! მოგვყავს ვრცელი ამონარიდი ედიშერ გარაყანიძის ნაშრომიდან ,,ქართული ხალხური სიმღერის შემსრულებლობა“:  
      ,,ბოლო ხანებში დამკვიდრდა შეხედულება, რომ სახელმწიფო ანსამბლი ლადო აღნიაშვილის გუნდის მემკვიდრეა. 1990 წელს მას დაარსებიდან 100 წლის იუბილეც კი გადაუხადეს, მის ასაკს ხაზგასმით აღნიშნავდნენ და 1993 წელს ჩატარებულ კონცერტის აფიშაზე ეწერა ,,საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი 108 წლისაა“. ეს შეხედულება მცდარია. ლადო აღნიაშვილის 1885 წელს დაარსებულმა გუნდმა 1892 წელს არსებობა შეწყვიტა  და აღარ აღდგენილა.
       დღევანდელი სახელმწიფო ანსამბლის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ 1923 წელს ქუთაისში ძუკუ ლოლუას მიერ დაარსებული გუნდი, რომელიც უწყვეტი ქრონოლოგიური ხაზით მოვიდა ჩვენამდე. 1924 წლიდან ძუკუ ლოლუას გარდაცვალების შემდეგ მას სათავეში ჩაუდგა კიწი გეგეჭკორი, 1927 წლიდან კი კირილე პაჭკორია. ამ გუნდს თავდაპირველად ერქვა  ,,ძუკუ ლოლუას სახელობის დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდი“, თუმცა ეს სახელწოდება პირობითია, რადგან მასში აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალთა ჯგუფებიც მონაწილეობდნენ. მხოლოდ 1936-39 წლებში იყო იგი დასავლეთ საქართველოს რეპერტუარით შეზღუდული, როდესაც მის პარალელურად არსებობდა აღმოსავლეთ საქარველოს ეთნოგრაფიული გუნდი, რომელსაც სანდრო კავსაძე ხელმძღვანელობდა. 1939-40 წლების მიჯნაზე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ანსამბლების საფუძველზე ჩამოყალიბდა გაერთიანებული ,,საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი“, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელად გრიგოლ კოკელაძე დაინიშნა, ხოლო ლოტბარები იყვნენ კირილე პაჭკორია და დათაშკა კავსაძე. 1945 წელს ანსამბლი კიდევ გაიყო ორად დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსად, მაგრამ მხოლოდ ორი წლით. (1947წ. შ. მშველიძე. 1949 ვ. ცაგარეიშილი, 1967 ანზორ კავსაძე, 1974 - გურამ ბაქრაძე, 1986 - ჯემალ ჭკუასელი).
        პირველადი ფოლკლორის რეაბილიტაციას საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ხელი შეუწყო კირილე პაჭკორიას ინიციატივამ, მან თავის გუნდში ჩამოაყალიბა ე.წ. ,,ფრთები“ - სხვადასხვა კუთხის მკვიდრთაგან შემდგარი ჯგუფები, რომელთაც მიჰყავდათ თავიანთი კუთხის სიმღერები. მაგალითად: გურულ ფრთას ლადიმე ბერძენიშვილი ხელმძღვანელობდა, ქართლ-კახურს - ვანო მჭედლიშვილი, სვანურს - პლატონ დადვანი; სოლოებს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ,,ტრადიციის მატარებლები" ასრულებდნენ. ამავე დროს რეპერტუარიდან საბოლოოდ ამოიკვეთა რატილის მიერ შემოტანილი არაქართული წყობის სიმღერები.
         სახელმწიფო ანსამბლი დიდი ხნით ქართული საშემსრულებლო კოლექტივების ლიდერად  და ამავდროულად ,,მოდების კანონმდებლად იქცა.“
ზემოთქმულის მიხედვით განსჯა მკითხველისათვის მიგვინდვია. ასეთი ლოგიკით (თუკი რომელიმე გუნდი სასახელოდ მიიჩნევს რატილის გუნდის მემკვიდრის სახელს), ,,ქართული ხოროს“ მემკვიდრეობის გამგრძელებლად შეიძლება მივიჩნიოთ რატილის დროს და შემდეგ არსებული ნებისმიერი გუნდი თუ ანსამბლი, მაგრამ უშუალოდ რომელი, ამაზე დამაჯერებლად მიგვითითა თავის ნაშრომში ედიშერ გარაყანიძემ.
          სამართლიანობის აღსადგენად არა მარტო ქვანი, წლებიც ღაღადებენ, როგორც, თუნდაც, ამ შემთხვევაში.


ბაია ასიეშვილი - ფოლკლორის ცენტრის მთ. რედაქტორი;
ნანა ვალიშვილი - ფოლკლორის ცენტრის მუსიკალური ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი;
ნუნუკა შველიძე - ფოლკლორის ცენტრის საარქივო მიმარულების მთ. კოორდინატორი.

1 comment:

  1. ნამდვილად საინტერესო მასალაა. წარმატებებს გისურვებთ...

    ReplyDelete